ის ფაქტი, რომ აზრბაიჯანში ნებისმიერ მცირეოდენ დასახლებაშიც კი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, გეიდარ ალიევის ძეგლი დგას, მთავარი ქუჩა მის სახელს ატარებს და ა.შ. უკვე გაკვირვებას არ იწვევს. ნუ რა ვქნათ – უზომოა აზერბაიჯანელი ხალხის სიყვარული და პატივისცემა თავისი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ გეიდარის შვილსაც კი სახელმწიფო გადააბარეს მფლობელობაში. და აი უკვე 2003 წლიდან გეიდარის შვილი, ილხამი ძალ–ღონეს არ იშურებს, რომ ხალხში მამამისადმი სიყვარული არ ჩაქრეს. მეტიც, ალი გაძლიერდეს და დაემსგავსოს გაზის საბადოებზე დანთებულ შუქურა–ალს. შუქურას რომლის სხივები მთელ რეგიონს, არა, მთელ მსოფლიოს მოეფინება. ბუნებრივია, საქართველო, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება Land of the fire-ს ამ სხივებს ვერსად გაექცევა. ალიევ–უფროსის დიდებამ ჩვენამდეც მოაღწია.
2004წ. საფუძველი ჩაეყარა, ხოლო 2007 წელს ოფიციალურად, თბილისის ისტორიულ გულში გაიხსნა ჰეიდარის სახელობის სკვერი. ბიუსტი თან ახლავს. ცატა ხანში სანაპიროს ნაწილსაც მისი სახელი მიენიჭა და ამ ისტორიული მოვლენის სახსოვრად ქალაქის მაცხოვრებლებს მემორიალი დაგვიდგეს, რომელზეც გარდა სამახსოვრო წარწერისა, ასევე დატანილია ინფორმაცია: მანძილი მონუმენტიდან ქ.ბაქომდე– 556კმ, ანკარამდე-1441კმ. ალბათ მათთვის, ვინც ვერ კმაყოფილდება ერთი ძეგლით და მეტის ნახვა უნდა. მაგალითად, ვისაც ბაქოს ალიევის სახელობის აეროპორტიდან, ალიევის პროსპექტით, მისივე სახელობის საკონცერტო დარბაზის და ცენტრალური პარკის გავლით ალიევის სახლ–მუზეუმში ან ალიევის სახელობის სხვა ობიექტში მოხვედრა სურს. მაგრამ ეს ყველაფერი თბილისიდან 556 კილომეტრის დაშორებით. და რა ქნან მათ, ვისაც არ გვაქვს შესაძლებლობა აზერბაიჯანში მოვხდეთ და ალიევის დიდების სხივებით გავთბეთ? (*) მიუხედავად იმისა რომ საქართველოს მოქალაქეები ვართ, სომხური გვარის გამო აზერბაიჯანში არ შეგვიშვებენ.
ჩვენი მთავრობა ზრუნავს ჩვენზე! პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კომპანია “სოკარის” პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან და აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ აბულფაზ გარაევთან ერთად აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლი და მისივე სახელობის სკვერი გახსნა, ამჯერად ქ.რუსთავში.
ქალაქის მერის ლაშა მინდელის განცხადებით, რუსთავი, დაარსების დღიდან, არის ინტერნაციონალური ქალაქი და მას მეგობრობის ქალაქს უწოდებდნენ. ჰეიდარ ალიევის სკვერისა და ძეგლის გახსნა კი სწორედ ამის ნათელი მაგალითია. “რამდენიმე წლის წინ, ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ თავისუფლების მოედნიდან მეტალურგიულ ქარხნამდე არსებული ხეივანი გამხდარიყო მეგობრობის ხეივანი და დაიგეგმა რამდენიმე მეგობარი ქვეყნის სახელობის სკვერის გახსნა. ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერიც, რომელიც კომპანია „სოკარის“ დაფინანსებით გაკეთდა, სწორედ ამ იდეას ატარებს“. რა თქმა უნდა სირცხვილი იქნებოდა, რომ ქ.რუსთავში მსგავსი ძეგლი არ დაედგათ.
ღონისძიებას აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქვეყნის პრემიერ – მინისტრმა აზერბაიჯანელ სტუმრებთან ერთად, სიმბოლური ლენტი გაჭრა და ჰეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილებით შეამკო.
ძეგლისა და სკვერის (7000 კვ. მ ფართობზეა განთავსებული) გახსნის ცერემონიაზე ბევრი ლამაზი სიტყვა იყო ნათქვამი ქართულ–აზერბაიჯანულ სახელმწიფოთშირის ისტორიულ მეგობრობაზე და რა თქმა უნდა ჩვენი ორი ქვეყნის უძინარ და უკვდავ კეთილმოსურვე ჰეიდარზე.
„ჰეიდარ ალიევის ძეგლის გახსნით პატივს მივაგებთ არა მარტო მას, არამედ აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრობას. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიცაა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ და ერთად, მხარი–მხარ ავაყვავოთ ჩვენი ქვეყნები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საზეიმო ღონისძიება ფოლკლორული კონცერტით დასრულდა, რის შემდეგაც, ბიძინა ივანიშვილმა და ღონისძიების სხვა სტუმრებმა ახლად გახსნილი სკვერი დაათვალიერეს.
სანამ ალიევი – უმცროსი პრეზიდენტობს, რა თქმა უნდა ჰეიდარის ლამპარში ნავთობი მუდამ იქნება დასხმული. ის არ ჩაქრება. მაგრამ რა მოუვა საქართველოში დადგმულ ძეგლებს იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანს ხელისუფლების სათავეში ჩაუდგება გუნდი ან პიროვნება, რომელსაც ალტერნატიული ხედვა ექნება ქვეყნის მესამე და მეოთხე პრეზიდენტების მიმართ? ნუთუ მოხდება ძეგლების დემონტაჟი და სანაპიროების ხელახალი გადარქმევა? ხომ არ სჯობდა სახელმწიფოთშირისი ამ ისტორიული მეგობრობის უკვდავსაყოფად უფრო გრძელვადიანი სიმბოლო მოგვენახა? ბოლო–ბოლო ნავთობის ამსახველი რამე ძეგლი – სიმბოლო. თუმცა, ნავთობიც არ არის ულევი. ისიც იწურება, მთავრდება...
ალბათ ამ ყველაფერზე უკვე დროა დაფიქრდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება. რამდენიმე თვეში აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული.