საქართველო (მარტი 2013წ.) (ნაწილი I )

ապրիլ 19, 2013 - 02:27        Viewed: 2102       

საქართველოს ე.წ. „პოსტ საარჩევნო“ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა– კონსტიტუციური ცვლილებების მიღება გახლდათ. სამი თვის განმავლობაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ვნებები“ ვითარდებოდა. სწორედ ამ „ვნებების“, პარტიებს შორის წინააღმდეგობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ სხვა შიდაპოლიტიკური პროცესების უმეტესი ნაწილიც. წინააღმდეგობა, რომლის დროსაც მხარეებმა ურთიერთ-დამადანაშაულებელი მრავალი განცხადება გააკეთეს. სამწუხაროა, რომ „ნაციონალებმა“, „მეოცნებეების“ წინააღმდეგ ამ ბრძოლაში არაერთხელ „შეეხეს“ საქართველოს ეროვნებით სომეხ მოქალაქეებს (თემის გაშლა). საბოლოოდ, 21 მარტის სხდომაზე, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ 135 ხმით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები.

“ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაახლოებით სამთვიანი პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ, რაც ძალაუფლების გაყოფის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების წამყვანი საკითხი იყო, რამდენიმე საათიანი საპარლამენტო დისკუსიების და ბოლო წუთას დახურულ კარს მიღმა კენჭისყრამდე გამართული კონსულტაციების შემდეგ მხარეებმა გარღვევას მიაღწიეს.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსზე კამათი თითქმის არ ყოფილა 21 მარტს გამართული საპარლამენტო განხილვების დროს”

„ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ეს არსებითი საკითხი არ იყო, ვინაიდან პრეზიდენტი ისედაც არ აპირებდა მისი კონსტიტიციური უფლების გამოყენებას და ივანიშვილის მთავრობის გამოცვლას. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ისიც კი განაცხადა, რომ „მე ჩემს ადგილს მის პოლიტიკურ გუნდში ვერ დავინახავ“, თუ პრეზიდენტი ამ უფლებას გამოიყენებს.

„მთავარი და ყველაზე ცუდი, რაც ამ პროცესში არის ჩემთვის, არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა მაშინაც კი, როდესაც ვთანხმდებით შინაარსზე“, – განაცხადა ბაქრაძემ“

„უმრავლესობის მხრიდან თავიდანვე იყო გულწრფელი სურვილი იმისა, რომ ეს ცვლილებები გამხდარიყო პარლამენტის გამთლიანების და არა დაყოფის, დანაწევრების საფუძველი და საშუალება“, - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება საჭირო იყო ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის განცდის შესაქმნელად.

კონსტიტუციური ცვლილებების შინაარსი შემდეგში მდგომარეობს:

“კანონპროექტის ახალ ვერსიაში დაკონკრეტებულია, რომ მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

ახალი მთავრობის შემადგენლობას კვლავაც პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, თუმცა თუ პარლამენტი სამჯერ არ გამოუცხადებს მას ნდობას, პრეზიდენტს აღარ ექნება მთავრობის ახალი შემადგენლობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლება, თუმცა მას კვლავაც დარჩება უფლება, რომ დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ასეთ ვითარებაში გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა განაგრძობს მთავრობის მოვალეობის შესრულებას, რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე.

ამასთან, თავდაპირველად ინიცირებულ ვარიანტში ამოღებული იყო მოქმედი საკონსტიტუციო დებულება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს არ აქვს უფლება პარლამენტი არჩევიდან 6 თვეში და ასევე პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე 6-თვიან პერიოდში დაითხოვოს.

ეს აკრძალვა აღარ იქნება ამოღებული და კვლავაც დარჩება კონსტიტუციაში, განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვაში მონაწილეთა უმრავლესობის, ასევე ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომ „ძალიან სახიფათოა“ და „პოლიტიკური კრიზისის“ გამოწვევის შესაძლებლობას შეიცავს პრეზიდენტისთვის პარლამენტის დათხოვნაზე დაწესებული 6-თვიანი შეზღუდვის მოხსნა.”

“იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის დათხოვნაზე დაწესებული 6-თვიანი შეზღუდვები, ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მიმდინარეობის და საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს პარლამენტის დათხოვნის დაუშვებლობა, არ წარმოადგენს პრეზიდენტისთვის ბარიერს, რომ მან გადააყენოს მთავრობა, თუმცა მას ამ შემზღუდველი გარემოებების ამოწურვიდან 3 დღის ვადაში შეეძლება მხოლოდ პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.”, გვატყობინებს civil.ge.

მარტი, რეკომენდაციების თვე. 21 მარტს ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართა. რეკომენდაციებში სხვა თემებთან ერთად (ტექსტი), ტრადიციულად ყურადღება ეროვნულ უმცირესობებსაც ექცევა:

“მიიღოს ფართომასშტაბიანი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, უზრუნველყოს უმცირესობების – რელიგიურის ჩათვლით – უფლებების დაცვა.”

“ყველა ძირითადი პოლიტიკური აქტორი აღიარებს საქარველოში სამოქალაქო ინტეგრაციის აუცილებლობას. რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების სასიკეთოდ შეტანილ იქნა ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, რამაც მათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების საშუალება მისცა. მას შემდეგ, რაც მთავრობა შეიცვალა, გავრცელდა ინფორმაცია რელიგიური შეუწყნარებლობის რამდენიმე შემთხევის შესახებ.

სახელმიფო ადმინისტრაციაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. საქარველოს ჯერ არ მოუწერია ხელი რეგიონული და უმცირესობათა ენების ევროპულ ქარტიაზე, ხოლო ენობრივი ნიშნით სეგრეგირებული სკოლების გაუქმება ნელი ტემპით მიმდინარეობს. უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით გარკვეული წინსვლა იქნა მიღწეული”– მიმართავს ევროკომისარიატი საქართველოს მთავრობას.

საინტერესოა, რომ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, წლიურ ანგარიშს ომბუდსმენის (სახალხო დამცველის) აპარატი ავრცელებს.(ანგარიში). ანგარიშში ლინგვისტური უმცირესობების პრობლემატიკა ფრაგმენტულად არის წარმოდგენილი. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნახსენები არ არის არც რეგიონალური და უმცირესობების ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირების აუცილებლობა, არც უმცირესობების სკოლების დახურვის პრობლემატიკა. სამაგიეროდ ყურადღება მიექცა: რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლებას; უმცირესობების სკოლებისთვის მასწავლებელთა მომზადებას; ეთნიკური უმცირესობების სკოლებში სახელმძღვანელოების პრობლემატიკას; უმცირესობების ჩერთულობას სახელმწიფო მართვის პროცესებში; ძალოვანი სტრუქტურების მიერ უმცირესობების დაშინებას.

“სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში ეროვნული უმცირესობების ჩართვის ხარისხის გაუმჯობესების, ეროვნული უმცირესობების დასაქმებისა და წარმომადგენლობითობის გაზრდის თვალსაზრისით ეროვნული უმცირესობებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნის გაღრმავება”

“ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში იგრძნობა პედაგოგების დეფიციტი. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში არ ხდება აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სკოლის პედაგოგების მომზადება. ის სტუდენტები, რომლებიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ზოგად უნარების სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი ტესტების ჩაბარების საფუძველზე

ირიცხებიან, ამჯობინებენ, დაეუფლონ უფრო მაღალანაზღაურებად პროფესიებს. ამდენად, არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, უახლოეს ხანებში სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში პედაგოგების დეფიციტი დიდ სირთულეებს შეუქმნის სწავლის პროცესს.”

“ასევე პრობლემურია ქართულიდან აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნილი სასკოლო სახელმძღვანელოების თარგმნის ხარისხი. ეს პრობლემა, პედაგოგთა განმარტებით, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოს ზუსტი შინაარსის გარკვევა ხშირად შეუძლებელი ხდება არათუ მოსწავლისთვის, არამედ პედაგოგისთვისაც.”

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ეროვნული უმცირესობების მაღალი დონის ჩართულობისა და მონაწილეობის აუცილებლობას მრავალი ყოფილი თუ ამჟამინდელი სახელმწიფო მოხელე და მაღალი თანამდებობის

პირი აღიარებს, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები კვლავ მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში.“

„გასულ წლებში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობას საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვნად აფერხებდა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოქმედი სახელმწიფო პოლიტიკური და ადმინისტრაციული რეჟიმი. ამ რეგიონებში შსს და სხვა ძალოვანი უწყებები პრაქტიკულად რეგულარულად ერეოდნენ საკითხის გადაწყვეტაში. ადამიანებს იბარებდნენ უშიშროების ორგანოებში და აიძულებდნენ, ემოქმედათ შსს-თვის სასურველი სცენარით, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ დაპატიმრებით, სამსახურიდან გათავისუფლებით და სხვა სახის რეპრესიებით. ამ გარემოებამაც სავარაუდოდ ნეგატიურად იმოქმედა ეროვნული უმცირესობების აქტიურობაზე საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და სამოქალაქო სფეროში.“

აღსანიშნავია, რომ ორივე სტრუქტურის (ევროკომისია და სახალხო დამცველი) ანგარიშებში ასახული მდგომარეობა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, ქართულ პრესაში ადგილი ვერ ჰპოვა. სამაგიეროდ, რეგინალური და უმცირესობების ევროპული ქარტიის რატიფიკაციის საკითხმა „რეკორდი მოხსნა“ თავისი პოპულარულობით. რადიკალური და ანტიდემოკრატიული შეხედულებების ამსახველი მრავალი სტატია და მასალა გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნული ქარტიის რატიფიცირება სეპარატიზმსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს გაუტოლდა (თემის გაშლა).

საინტერესო იყო აგრეთვე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.

18-19 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა:

“ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება ერთობლივ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს და არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას დაეთმო. მათ შორის, დადებითად შეფასდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის მიმდინარეობა. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა, აგრეთვე, იმედი გამოთქვეს, რომ გაგრძელდება მაღალი და უმაღლესი ვიზიტების ურთიერთგაცვლის პრაქტიკა. კულტურის სფეროში, განხილულ იქნა რამდენიმე ახალი ინიციატივა, ერთობლივი გამოფენებისა და ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.” (www.mfa.gov.ge)

იმავე დღებში (18-19 მარტი) აზარბაიჯანში საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი მიმდინარეობდა.

ილჰამ ალიევთან შეხვედრის დასრულებისას ალასანიამ განაცხადა:

„მე პრეზიდენტს გადავეცი ძალიან თბილი მოკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და მომავალში ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განვიხილეთ. სერიოზული საფუძველი ასეთ თანამშრომლობას სწორედ პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის შემდეგ ჩაეყარა, რაც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს მისცემს.“

თავდაცვის მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკურ სივრცეში, საერთაშორისო ინსტიტუტებში ჩვენს კოორდინირებულ, ერთიან პოზიციებზე. ასევე, ჩვენს ერთობლივ მონაწილეობაზე ავღანეთში, საერთაშორისო ოპერაციებში.“

„თავდაცვის სამინიტროში რიგი შეთანხმებები შედგა. მათ შორის, ხელი მოვაწერეთ 1 წლით ჩვენი თანამშრომლიბის გეგმას. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვაფასებთ ყველა იმ პროექტს, რომელიც დაწყებულია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. განსაკუთრებით იმ პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ მომავალს ევროპაში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის არის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი, რომელიც, იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე დასრულდება. ეს კიდევ ერთ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ასევე ჩვენს ნატოელ პარტნიორებს გამოადგებათ და აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი კიდევ უფრო მეტად ინტეგრირებული გახდება ამ სივრცეში.“ (www.mod.gov.ge)

„აზერბაიჯანი - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, სომხეთი კი ძალიან კარგი პარტნიორი", ეს განცხადება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების კომენტირებისას გააკეთა. "სომხეთი - ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორია, მაგრამ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანია, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებმაც შესაძლოა ჩრდილი მიაყენონ აზერბაიჯანთან ურთიერთობას", _ განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა საქართველო სიტუაციის დაბალანსებას შეძლებს. "მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავაბალანსოთ სიტუაცია ისე, რომ ერთდროულად ყველა მხარის ინტერესები გავითვალისწინოთ - სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და საქართველოს. არ შეიძლება ცალმხრივი მოსაზრებებით იხელმძღვანელო და ამავე

დროს, არ შეიძლება იყო ერთი რომელიმე ქვეყნის მძევალი", განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

თურქულ გაზეთ „sabah“-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ–მესხელების გადმოსახლების საკითხს შეეხო:

“საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ თურქი მესხებისთვის დაბრუნების პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული იყოს. "პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. პირველი ეტაპი გახლავთ რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთაგან განაცხადების მიღება. ჩვენთან შემოვიდა 5 841 განცხადება 8 900 პირისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებების უმრავლესობა იყო ხარვეზებით. შემუშავდა მექანიზმი, რომლის თანახმადაც სტატუსის მაძიებლებს აღნიშნული ხარვეზების გასწორების შესაძლებლობა მიეცათ. რეპატრიანტის სტატუსი მიღებული აქვს 864 მოქალაქეს. მათგან 6 პირს შეტანილი აქვთ განაცხადი საქართველოს მოქალაქეობაზე. საქართველოს მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რეპატრიაციის სტრატეგიასა და ინტეგრაციის პროცესზე. არის გარკვეული ეტაპები, რაც სავალდებულოა, რომ ყველა სტატუსის მაძიებელმა და უკვე სტატუსის მქონე პირმა გაიაროს. საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული იყოს დეპორტირებული პირებისათვის"

27-28 მარტს საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ეწვია:

“ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს შეხვდა”.

აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის ურთიერთობის „საგაზაფხულო აპოთეოზად“ ქ. ბატუმში 28 მარტს გამართული მინისტერიალი გვევლინება.

„ტრაპიზონის დეკლარაციის" შესაბამისად, ქ. ბათუმში გამართული სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ კომუნიკე-ს და დამტკიცდა დარგობრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა 2013-2015 წლებისათვის. აღნიშნული გეგმა შემუშავდა სამი ქვეყნის უწყებების საერთო ძალისხმევით და ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით. დოკუმენტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიც არის: ეკონომიკა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, კულტურა, განათლება და სპორტი. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება ხელს შეუწყობს საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის

უფრო მეტად გაღრმავებასა და განვითარებას როგორც ორმხრივ, ასევე, სამმხრივ ფორმატში და ახალ იმპულსს შესძენს ქვეყნებს შორის უკვე არსებულ მჭიდრო, სტრატეგიულ-პარტნიორულ ურთიერთობებს. სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს განახორციელებენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს როგორც ორმხრივი თუ სამმხრივი, ასევე რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები.” (www.mfa.gov.ge)

Օրացույց